,,ტექნოპარკში ყოფნა ყოველთვის მახარებს. წლების წინ იყო იდეა, შექმნილიყო მსგავსი ორგანიზაცია რეგიონში, რომელიც ინოვაციური პროექტების განხორციელებას შეუწყობდა ხელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი იყო პირველი, რომელმაც ეს იდეა განახორციელა. მადლობა ყველას, ვინც მაშინ ჩვენთან ერთად იყო ჩართული ამ პროექტების განხორციელებაში. მინდა მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომ ხელი შეუწყეთ მოზარდებს, მიეღოთ შესაძლებლობა, რასაც ტექნოპარკი ახორციელებს. მადლობა თითოეულ თანამშრომელს. ეს სივრცე არის მომავლის სივრცე, სადაც ახალგაზრდები ხორცს ასხამენ სხვადასხვა იდეებს. ზუგდიდის ტექნოპარკი ნამდვილად წარმატებულია და მადლობა ამისთვის მის მენეჯერს ანუკი ასათიანს"- აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, ზუგდიდის ტექნოპარკში 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.
ტექნოპარკის მენეჯერმა ზუგდიდის მერს ტექნოპარკის გახსნის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზენტეციაზე წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები, მიღწეული შედეგები და მომავალი განვითარების გეგმები ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერმა ანუკი ასათიანმა წარადგინა. ყურადღება გამახვილდა ტექნოპარკის საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროგრამებზე, ახალგაზრდებისთვის შექმნილ შესაძლებლობებზე, ფაბლაბის აქტივობებზე და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე. ასევე წარმოდგენილი იყო 2025 წლის სტატისტიკური მონაცემები და გავლენის მაჩვენებლები.
ღონისძიებაზე სპეციალური სიგელი ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლას გადაეცა ტექნოლოგიების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
წლის განმავლობაში ტექნოპარკის პროგრამებსა და ტრენინგებში ჩართული იყო ასობით მოსწავლე, სტუდენტი და ახალგაზრდა პროფესიონალი, რომლებმაც მიიღეს პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებში.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების, საგანმანათლელო რესურცენტრის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორისა და სტარტაპ ეკოსისტემის წევრები, ასევე ტექნოპარკის პარტნიორები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
ზუგდიდის ტექნოპარკი მომავალშიც გააგრძელებს რეგიონში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას, ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ახალგაზრდებისა და სტარტაპების მხარდაჭერას.