zugdidi.gov.ge logo

ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება და თანადაფინანსება

ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება და თანადაფინანსება

ეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ახალგაზრდული ორგანიზაციების პროექტების დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობებს, რომლებიც ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალგაზრდებზე.

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის,ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად, ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს;

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული/თანადაფინანსებული პროექტი უნდა განხორციელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ადგილობრივი/დევნილი ახალგაზრდების ჩართულობით;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება/თანადაფინანსება) პროგრამის განსახორციელებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის ბრძანებით შექმნილია ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებისა და თანადაფინანსების  კომისია;

ახალგაზრდულ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება წელიწადში მხოლოდ ერთხელ  ისარგებლოს ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამით.

ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის მინიმალურ ოდენობად სასურველია განისაზღვროს არანაკლებ 25 ახალგაზრდა.

მუხლი 2.  პროგრამის მიზანი 

პროგრამის მიზანია ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/დევნილი) ორიენტირებული  პროექტები. პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას და  მათ ინტერესებს;

დასაფინანსებელი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს  საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით გათვალისწინებულ მიზნებს და ამოცანებს.

მუხლი 3.   პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა

პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსების პროგრამიდან;

დაფინანსებული პროექტის თანხის ანაზღაურება განხორციელდება ერთ ეტაპად კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4.   პროგრამის ადმინისტრირება და მონიტორინგი

პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება, რომელიც ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და  ამ წესთან;

განმცხადებლის მიერ ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. აღნიშნულ ვადაში თუ დაინტერესებული პირი არ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;

ამ წესთან და მოქმედ კანონმდებლობასთან  შესაბამისი განცხადებები და მასზე დართული დოკუმენტაცია განსახილველად წარედგინება  ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებისა და თანადაფინანსების მიზნით შექმნილ კომისიას;

კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს განმცხადებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი (შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში) და მოახდინოს პროექტის პრეზენტაცია ან საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია;

დაინტერესებულმა პირმა განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტაცია სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანთან ერთად;

პროექტის დაფინანსება/თანადაფინანსება ხორციელდება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

მუხლი 5. პროგრამის შესახებ:

5.1 კომისიაზე განსახილველად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს  შემდეგი თემატიკის პროექტები:                

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
  • გენდერული თანასწორობის მიღწევა;
  • ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდების პიროვნული განვითარება არაფორმალური განათლების მიღების გზით;
  • ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა ახალაგზრდებისთვის;
  • და სხვა ახალგაზრდულ საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

წარმოდგენილი პროექტის  დაფინანსება/თანადაფინანსება უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით;

2000 (ორი ათასი) ლარამდე  ღირებულების პროექტის შემთხვევაში მერია განახორციელებს სრულ დაფინანსებას;

2000 (ორი ათასი) ლარიდან  5000 (ხუთი ათასი) ლარამდე  ღირებულების პროექტის შემთხვევაში მერია განახორციელებს   თანადაფინანსებას, რომელიც   არ უნდა აღემატებოდეს პროექტის სრული ღირებულების 90 %-;

პროექტის დაფინანსების/თანადაფინანსების შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად    

მუხლი 6. ახალგაზრდული პროექტების  ფინანსური ხელშეწყობისთვის (დაფინანსება/თანადაფინანსება) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

განცხადება მერის სახელზე;

საპროექტო განაცხადი (ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა, ბიუჯეტის ფორმა და განხორციელების გეგმა); დანართი 2-ის შესაბამისად;

სხვა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს პროექტის დაფინანსების საჭიროებას;

განმცხადებელი ორგანიზაციის  განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;

ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

თუ პროექტი დაგეგმილია არასრულწლოვანი პირების მონაწილეობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს არასრულწლოვანი მონაწილეების მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა;

განმცხადებელი ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტები.

კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განმცხადებელი ვალდებულია წერილობით დადგენილ გონივრულ ვადაში წარმოადგინოს პროექტში მონაწილე პირთა დაბადების მოწმობის/პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განახლებული  საინფორმაციო ბარათი/დევნილის შემთხვევაში, ცნობა რეგისტრაციის შესახებ.

მუხლი 7.   ანგარიშის წარდგენა

განმცხადებელი ვალდებულია პროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში წარმოადგინოს ანგარიში და მასთან ერთად აქტივობების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, პროექტში მონაწილე პირების ჩამონათვალი და თანხის მიზნობრივად გახარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია (როგორც მერიის მიერ გაცემული თანხის ასევე პროექტის თანადაფინანსების შემთხვევაში საკუთარი წილის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები);

დაფინანსებული/თანადაფინანსებული მონიტორინგს განახორიცელებს განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ სამქეთა განყოფილება. სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამის  ფარგლებში,ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   გაცემული  თანხის  ინსპექტირების მიზნით შექმნილი ჯგუფი;

განმცხადებელი ვალდებულია პროექტის საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელების შემთხვევაში წარმოადგინოს პროექტში მონაწილე პირების საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტაციაჩასხდომის ბარათი ან/და პასპორტის ასლი ან/და მომწვევი ორგანიზაციის მიერ დამოწმებული დოკუმენტი.

მუხლი  8.  კომისიის მუშაობის წესი:

კომისია მოიწვევა საჭიროებისამებრ ყოველი თვის პირველ კვირას კომისიის თავჯდომარის მიერ;

კომისიის თავჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა აუცილებლობის შემთხვევაში;

კომისია განცხადებებს განიხილავს სხდომაზე და გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით, ხმათა

უმრავლესობით. კომისიაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი;

კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი;

მუხლი  9.  ცვლილებები და დამატებები

ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების  წესში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანა შესაძლებელია კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი იხილეთ https://shorturl.at/tyzDG

 

 

სიახლეების გამოწერა

სიახლეების გამოწერა