ოქტომბერი
სოფელ ოქტომბრის თემი – ყოფილი ცაიშის კახათი, მდებარეობს ზუგდიდის სამხრეთით 15 კმ. მანძილზე. სოფლის ტერიტორია ვაკეზე ზღვის დონიდან 30 მ. მდე სიმაღლეზეა, მას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ჭითაწყარი და სოფელი ცაიში, დასავლეთით დარჩელი, ახალკახათი და კახათი, ჩრდილოეთით ინგირი და სამხრეთით დიდინეძი.
სოფელს მთელ სიგრძეზე ჩაუდის მდ. ჩხოუშია, მდ. კახათის წყალი და ნარაკიას ღელე. სოფელი სუბტროპიკულ ზონაშია მოქცეული.
ოქტომბრის ტერიტორია 1360 ჰექტარია, აქედან 750 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო სავარგულია, სადაც 250 ჰექტარზე ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული, 200 ჰექტარზე ითესებოდა სიმინდის მარცვალი, თხილის კულტურა გაშენებულია 300 ჰექტარზე.
სოფელ ოქტომბრის თემი ორი სოფლის – ოქტომბრისა და სოფელ დავითიანის ბაზაზეა შექმნილი და იგი აერთიანებს ხუთ უბანს, 15 ქუჩას, 824 კომლს 2445–მდე მცხოვრებით.
სახელდობრ: საკუთრივ ოქტომბერი (შიდაუბანი); დავითიანი; წარიას მუხური; ნაჭვის უბანი; მარას უბანი.
ისტორიულად ს. ოქტომბერში ცაიშიდან ჩამოსახლებული გლეხები ცხოვრობდნენ ცაიშის საეკლესიო მიწებზე. აქ დასახლებული გვარებია: ქირია, შამუგია, ზარქუა, დიდიშვილი, წიწავა, უბილავა, მაქაცარია, ყურუა, აფხაზავა, გრიგოლავა, სარჩმელია, რატია, ძაძამია, მიქავა, ვართაგავა, ქარჩავა, გეგეჭკორი, თოდუა, შულაია, წოწერია, ღულათავა, ჩანგელია, აბრამია, ადამია, ბოკუჩავა, ციცქარავა, კეზუა, ნაყოფია, ჯღარკავა, სურმავა, ჯიქია, გოროზიანი, გვარამია, ხვიტია, სიჭინავა, ჯობავა, გამსახურდია, ჟორდანია, კოდუა, სიორდია, ფეტელავა, თორდია, ჟვანია, ლოგუა, დარასელია, ქობალია.
1850–60 – იან წლებში მარტვილის რაიონის სოფელ თარგამულიდან გლეხები ხლებიან სამეგრელოს მთავარს დავით დადიანს და სამოსახლო ადგილი უთხოვიათ, ვინაიდან იქ უწყლობა აწუხებდათ. დადიანის ნებართვით ისინი დასახლებულან დადიანების საქონლის საძოვარ ადგილას, რომელსაც დავითიანი ეწოდა, თუმცა ჩამოსახლებულები თავიანთი მშობლიური სოფლის საპატივცემლოდ თარგამულს უწოდებდნენ. გავრცელებული გვარებია: აბაკელია, ფარცვანია, ნარუშვილი, კვარაცხელია, ცაავა, ზაქარაია, ფაცაცია, პერტახია, ალანია, სიხარულია, გაგუა, გარდავა, ფეტელავა, სიგუა, ხურცილავა, არნანია, ლათათია, გადელია, ესართია, კორთხონჯია, ციმინტია, კოდუა, მიშველია, ფიფია, რეიხანოვი, გვასალია, ნაჭყებია, გამყრელიძე, ყორშია.
თემის მოსახლეობას ემსახურება: საჯარო სკოლა, საბაზო სკოლა, საექიმო ამბულატორია, კულტურის სახლი, კლუბი, ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი, საბავშვო ბაღი, ორი ფეხბურთის მოედანი და ორი მინი სტადიონი.
თემი მუნიციპალიტეტის ცენტრს უკავშირდება ასფალტ–ბეტონის საფარიანი გზით, რომელიც მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძალისხმევით 2010 წელს განხორციელდა 7 კმ. მანძილზე.
ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადგომით სოფლის პროგრამის ფარგლებში კეთილმოწყობილი იქნა შიდასაუბნო გზები 3 კმ. მანძილზე. მოეწყო ორი მინი სტადიონი, ხოლო ნაჭვის უბანში დაპროექტებულია მესამე მინისტადიონის მოწყობა. ოქტომბრის ცენტრში აშენდა ტიპიური მოსაცდელი.
რეაბილიტირებულ იქნა რუსული აგრესიის დროს ჯავშანტექნიკის მიერ დაზიანებული ხიდი მდ. ჩხოუშზე. მოეწყო თემის ცენტრის გარე განათება 1 კმ. მანძილზე.
სოფელ დავითიანში აღდგენილ იქნა და მოქმედებს მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესია, რომლის მშენებლობას სპონსორობა გაუწია ბიზნესმენმა ბადრი აბაკელიამ.
სოფელში ფუნქციონირებს შ.პ.ს. ეთერზეთის ბაზაზე შექმნილი ეთერზეთების ქარხანა, რომელიც ამზადებს საექსპორტო დაფნის ზეთს. ს. ოქტომბრის თემის შუაგულში 1975 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 30 წლის თავზე გაიხსნა შინ მოუსვლელთა ობელისკი.
სოფელ ოქტომბრის თემის თავკაცად სხვადასხვა დროს უმუშავიათ: ზურაბ შამუგიას, დოროთე ნანავას, ვალიკო ქირიას, ლადიკო ქირიას, ტარასი შამუგიას, აპალონ შამუგიას, დიმიტრი სიხარულიას, ვალერიან წიწავას, მიხეილ უბილავას, ორესტი დიდიშვილს, იპოლიტე დიდიშვილს, დამიანე დიდიშვილს, გივი მაქაცარიას, გიგლა წოწერიას, გურამ უბილავას, მურთაზ ხურცილავას, ალიოშა ალანიას. თემს ეამაყება რომ ჰყავდა ოთხი შრომის გმირი: ივანე შამუგია, ვალერიანე შამუგია, ვარლამ წიწავა და ალიოშა წოწერია.
სოფელში აღრიცხვაზეა 800–მდე აფხაზეთიდან დევნილი, რომელთა ძირითადი ნაწილი ჩასახლებულია ყოფილი 103 პროფსასწავლებლის ახლად რეაბილიტირებული 2 კორპუსის 100–მდე კომფორტულ ბინებში. აქვე ფუნქციონირებს აფხაზეთის მე–14–ე საჯარო სკოლა.
სოფელ ოქტომბრის სკოლას 2005 წელს შეუსრულდა 100 წელი. სკოლის ბიოგრაფია საინტერესოდაა წარმოდგენილი სოფლის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომლის დამაარსებელია ღვაწლმოსილი პედაგოგი რაისა შამუგია, სკოლის პედ კოლექტივის და სოფლის მოსახლეობის თანადგომით. მუზეუმში გამოფენილია სოფლის ისტორიის ამსახველი ფოტომასალები და ყოფითი ეთნოგრაფიული ნიმუშები.
2002 წელს დაიბეჭდა რაისა შამუგიას 300 გვერდიანი წიგნი ,,სოფელ ოქტომბრის – ცაიშის კახათის ისტორია“, რომელშიც მკითხველები გაეცნობიან სოფლის სახელწოდებისა და მისი წარმომავლობის ისტორიას, სოფლის ისტორიული განვითარების ეტაპებს, სოფლის გეოგრაფიულ და ეკონომიკურ დახასიათებას, სოფელში მცხოვრები გვარების გენეალოგიას. წიგნში საინტერესოდაა გამოყენებული ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალები.
მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.
III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
გიგლა წოწერია
მობ: 591 44 76 27
წარმომადგენლის ასისტენტი
III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
რაიდ უბილავა
მობ: 599 84 41 89