სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ დაწესებულებას, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური შექმნილია “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონის საფუძველზე.
ამავე დროს, საქსტატის საქმიანობა ეფუძნება ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს.
მნიშვნელოვნობა, ობიექტურობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა - ოფიციალური სტატისტიკა არის დემოკრატიული საზოგადოების საინფორმაციო სისტემის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხელისუფლების ორგანოებს, ეკონომიკის სუბიექტებსა და საზოგადოებას ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფს. ამ მიზნით და მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები მიუკერძოებლად ამზადებენ და ავრცელებენ პრაქტიკული ღირებულების მქონე სტატისტიკურ მონაცემებს;
პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის დაცვა - ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის შესანარჩუნებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებმა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და წარდგენის მეთოდებთან და პროცედურებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ პროფესიული მოსაზრებების შესაბამისად, მეცნიერული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით უნდა მიიღონ;
ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა - სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობისათვის ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებმა ინფორმაცია სტატისტიკურ წყაროებთან, მეთოდებთან და პროცედურებთან დაკავშირებული მეცნიერული სტანდარტების შესაბამისად უნდა წარადგინონ;
სტატისტიკური მონაცემების მცდარი გამოყენების თავიდან აცილება - სტატისტიკური მონაცემების მცდარი ინტერპრეტაციის ან არასწორად გამოყენების შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს აქვთ მათი განმარტების უფლება;
სტატისტიკური წყაროს არსებობა - სტატისტიკური მიზნებისათვის მონაცემები შეიძლება შეგროვდეს ყველა სახის წყაროდან – სტატისტიკური გამოკვლევებიდან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ინფორმაციიდან. სტატისტიკის მწარმოებელმა სტატისტიკური წყარო ხარისხის, დროულობის, დანახარჯებისა და რესპონდენტის დატვირთვის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს;
კონფიდენციალურობა - ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის მიერ სტატისტიკური მიზნებისათვის შეგროვებული, ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისათვის გამოიყენება;
საკანონმდებლო ბაზის საჯაროობა - კანონმდებლობა, ნორმები და ზომები, რომელთა ფარგლებშიც ფუნქციონირებს ოფიციალური სტატისტიკის სისტემა, საჯაროა;
ეროვნული კოორდინაცია - ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს შორის კოორდინაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანობის მისაღწევად;
საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება - ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის მიერ საერთაშორისო ცნებების, კლასიფიკაციებისა და მეთოდების გამოყენება ხელს უწყობს ოფიციალური სტატისტიკის სისტემების შეთანხმებულობასა და ეფექტიანობას;
საერთაშორისო თანამშრომლობა - ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ოფიციალური სტატისტიკის სისტემების გაუმჯობესებას.