ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

30 აგვისტო, 2019

 

ფოტოალბომი facebook

 უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას ზუგდიდიც შეურთდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ,  ადგილობრივი ხელისუფლების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ასოციაცია ,,ქსენონი“-სა  და უგზო-უკვლოდ  დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებთან ერთად,  უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მემორიალის მიმდბარედ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა და მათი ოჯახებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა.

აღევლინა პარაკლისიც.

,, 30 აგვისტოს,  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს ეს დანაკლისი მოუშუშებელი ტკივილია პირველ რიგში იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო,  ხოლო  შემდგომ  ქვეყნისთვის. 

ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის თითოეული დაკარგული ადამიანი დიდი ტკივილია. 

საქართველოში 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ შორის 400-მდე  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაა. თითოეულ ოჯახს ვისაც შეეხო ეს ტკივილი თანავუგრძნობ და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ. მომავალში ვისურვებდი, რომ ქვეყნის გამთლიანება და აღმშენებლობა ერთად ვიზეიმოთ“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

30 აგვისტო, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, საქართველოში კი 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.

ღონისძიება მუსიკალურად ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა  ,,ოდოიამ“ გააფორმა.

 

 

გააზიარე