ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ზუგდიდის სკეიტ პარკში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა

8 აგვისტო, 2019

ფოტოალბომი facebook 

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა.

,,დღეს უმძიმესი დღეა ყველასთვის, ქედს ვიხრი იმ ვაჟკაცების, იმ გმირების წინაშე, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის.

ომიდან 11 წლისთავზე, ჩვენ ზუგდიდში, ჩვენი გმირების უკვდავსაყოფად, გავხსენით მონუმენტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ვაჟკაცი მამულიშვილების გმირობას და უკვდავყოფს მათ სახელს“- აღნიშნა მემორიალის გახსნაზე გიორგი შენგელიამ. მემორიალის ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა. მემორიალი წარმოადგენს სამგანზომილებიან კომპოზიციას,სადაც გამოსახულია სამშობლოსათვის თავგანწირული მეომრების სილუეტები.

სიმბოლურად წარმოდგენილია, ამ ომში დაღუპული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 4 ჯარისკაცის ფიგურა, მათ ხელში უჭირავთ საქართველოს სახელმწიფო დროშა, როგორც ქვეყნის ძლიერების და თავისუფლების სიმბოლო. კომპოზიის მეორე მხარეს გამოსახულია ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მეომრები, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის, მარადიული ბრძოლის სიმბოლოები. პროექტისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 14 984 ლარი გამოიყო.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ფარცვანია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და მათ საფლავებს გვირგვინით შეამკობენ.

გააზიარე