ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

შამგონა

ადმინისტრაციული ერთეული: შამგონა სოფელი შამგონა მდ. ენგურის ორ შტოს შორის მდებარე მოზრდილი კუნძულია. მისი სიგრძე 12 კილომეტრია, სიგანე კი საშუალოდ 1 კმ. კუნძული მდებარეობს ჩრდილოეთის განედის 42° და 42° 3´ შორის და აღმოსავლეთის გრძედის 41° 42´ და 42° 46´ შორის. იგი იწყება რუხთან (აქ მდ. ენგური ორ ტოტად იყოფა) და მთავრდება სოფელ ხურჩასთან, სადაც ენგურის ორივე ტოტი ერთდება.

დღეისათვის შამგონაში ოთხმოცდაათამდე სხვადასხვა გვარის 802 კომლია და  ცხოვრობს 2626 ადამიანი. სოფლის ტერიტორიაა მჭიდროდაა დასახლებული.
XVII ს–ის შუახანებამდე შამგონა ნახევარკუნძულს წარმოადგენდა. ერთერთი წყალდიდობის შემდეგ კი მოხდა კუნძულის ფორმირება. მდ. ენგურის მარცხენა შენაკადს წარმოადგენს პატარა მდინარე რუხისწყალი.

ამჟამინდელი შამგონა შორეულ წარსულში ტყით ყოფილა დაფარული , სადაც გავრცელებული ყოფილა უნაყოფო ვაზის ჯიში – შამგუ, რომელიც უკვე გადაშენდა, მაგრამ მისი სახელი შემორჩა კუნძულს –,,შამგუონა“. ეს სახელი ორი ნაწილისაგან შედგება: ,,შამგუ“–ძირია, ,,ონა“–ნაწილაკი, რომელიც მიუთითებს რისამე (მაგ. ამათუიმ მცენარის) მასიურად გავრცელების ადგილს. მაგალითად, თხმელის ახალგაზრდა ამონაყარს მეგრულად ,,ჭველა“–ს ეძახიან, ხოლო მისი მასიურად გავრცელების ადგილს ,,ჭველონა“–ს. ამგვარად, ,,შამგუონა“ მიუთითებს ადგილს, სადაც ,,შამგუ“ ყოფილა გავრცელებული. დროთა განმავლობაში ამ ნაწარმოები სახელიდან ამოვარდა ხმოვანი ,,უ“ და მივიღეთ ადგილის თანამედროვე სახელწოდება ,,შამგონა“ .
 სავარაუდოდ სახელი სოფელს ეწოდა XVII ს–ის ბოლოდან, რადგან იტალიელ მისიონერ არქანჯელო ლამბერტს, რომელიც სამეგრელოს სწვევია საუკუნის პირველ ნახევარში ლევან II დადიანის მთავრობის დროს, თავის ნაშრომში მოხსენიებული აქვს ,,წიფურიას მონასტერი“, რომელიც მისივე ჩანახატის მიხედვით მდებარეობდა მდ. ენგურის მარცხენა ტოტის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ნობაკევსა და ზუგდიდს შორის.

ეს კი თანამედროვე შამგონის ტერიტორიაა და მაშინ ეს სახელი რომ რქმეოდა, არქანჯელო ლამბერტი იტყოდა : – ეს მონასტერი შამგონის ტერიტორიაზე მდებარეობსო. რამდენიმე სიტყვა ,,წიფურიას მონასტრის“ შესახებ: შამგონის უხუცესი მცხოვრების , ივანე ბერიას (1949 წელს 125 წლის იყო) ნაამბობის მიხედვით , იმ ადგილას, სადაც მონასტერი იდგა, გავრცელებული ყოფილა ,,წიფური“ (მეგრ.), ქართულად ,,წიფელი“ და აქედან გამომდინარე მას ,,წიფურიას მონასტერს“ ეძახოდნენო. ლამბერტის ცნობით, მდ. ენგურის პირას, ვაკეზე აშენენებული სამონასტრო კომპლექსი შედგებოდა ორი ეკლესიისგან, ერთი – ღვთისმშობლის, მეორე – წმ. გიორგის სახელობის /არქანჯელო ლამბერტი –,,სამეგრელოს აღწერილობა“ გვ. 123; 124 /

შამგონაში პირველად დასახლებულან გოროზიები, რომლებიც დადიანის მწყემსები ყოფილან და ჯოგს აძოვებდნენ ჯოღეჯიანის (ამჟამინდელი სოფელი ინგირი) ტერიტორიაზე. პირუტყვს დასარწყულებლად მიერეკებოდნენ მდ. რუხისწყლისკენ, რომლის გაღმაც აღმოუჩენიათ კარგი საძოვრები. ტყითა და ველური ვაზით დაბურული ადგილი მშვენიერი თავშესაფარი აღმოჩნდა მწყემებისთვის, რომლებსაც ჩაუდგამთ პირველი ფაცხები კუნძულზე. გოროზიები გარკვეული დროით აყრილან კუნძულიდან დადიანისგან რატომღაც შერისხულები. კარგა ხანს აფარებდნენ თავს აფხაზეთს და მერე, უკვე გამოცვლილი გვარით დაბრუნდნენ შამგონაში.

ასე გაჩნდა დღეისათვის ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარის, წყაროზიების პირველი დასახლება შამგონაში. შემდეგ ხობიდან ჩამოსახლებული ხობუების (ამჟამად ხუბუები) გვარი იკიდებს ფეხს კუნძულზე. უფრო გვიან კი – თორიები და ღურწკაიები.

გადმოცემით, პირველი აზნაურები, რომლებიც დასახლდნენ შამგონაში, იყვნენ გაბუნიები. შემდეგ დასახლებულან ჩიქავები, ხვარძიკიები, ზვანბაიები, ივარდავები, შენგელიები. უფრო მოგვიანებით ჩამოსახლებულა მარღანია. პირველი თავადი შამგონაში დასახლებული შერვაშიძე ყოფილა. ამ გვარების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ შამგონაში.
საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2010 წლის ნოემბერში საზეიმოდ გახსნეს შამგონის საჯარო სკოლა. ძველი სკოლა, რომელიც 1919 წლიდან ფუნქციონირებდა, სიძველის გამო ექსპლუატაციისთვის უვარგისი იყო.

სკოლა მთლიანად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. აქვს ახალი ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახები, კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, 16 კომპიუტერისგან აღჭურვილი ინფორმაციული ტექნოლოგიების ოთახი, ბიბლიოთეკა, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორია.

პროგრამა ..ალუმნაის“ ფარგლებში 1983 წლის კურსდამთავრებულმა, ჯიმშერ ღურწკაიამ, რომელიც ამჟამად ცხოვრობს გერმანიაში, სკოლას საჩუქრად გადასცა უნიკალური ფიზიკის ლაბორატორია. მისივე დაფინანსებით სკოლის ფიზიკის მასწავლებელი გადამზადებას გაივლის გერმანიაში, რათა საერთაშორისო გამოცდილება გაუზიაროს მოსწავლეებს.
შამგონის სკოლაში ამჟამად 36 პედაგოგი 223 მოსწავლეს ასწავლის. 

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

დემნა ხუბუა

მობ: 591 44 76 35

წარმომადგენლის ასისტენტეი

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ტოლიკი ღურწკაია

მობ: 599 84 41 78