ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ყულიშკარი

სოფელი ყულიშკარი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქალაქიდან მეცხრე კილომეტრზე, კოლხეთის პლატოზე, მდინარე ყულისწყლის (ჯუმის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 200 მეტრზე გაშენებულ სოფელში 630 კომლია და 2012 ადამიანი. ყველაზე გავრცელებული გვარებია: როგავა, მაქაცარია, გვილია, თირქია, ფიფია, ხარებავა და ა.შ.

ყულიშკარის თემი თავად მხეიძეთა (ხეციანთა) სათავადოს წარმოადგენდა. ოხვამოგოჭვილად წოდებულ ადგილას მდგარა ხის ეკლესია, რომელიც გადმოცემის თანახმად, ძველ დროში თურქებს დაუწვავთ და ამიტომაც ჰქვია ეს სახელი ,,ოხვამეჭვილი" – ანუ გადამწვარი სალოცავი. აქ დღესაც შემორჩენილია ძველი სასაფლაო. სათირქიოში ( თირქიების დასახლება) შემორჩენილია კოშკი,  რომელსაც სათვალთვალოდ იყენებდნენ.

ყულიშკარში სოფლის ცენტრის ჩრდილოეთით, მაღალ გორაკზე დგას ყულიშკარის წმ. გიორგის სახელობის ქვის ეკლესია, რომელიც მთელი ყულისწყლის ხეობას გადაჰყურებს. სოფლის სახელწოდებაც ყულის ხატს უკავშირდება. ცნობილი მკვლევარის, სოფლის მკვიდრის დავით ჭითანავას წიგნში ,, ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში“ თავმოყრილია ყველა მასალა, რაც ყულიშკარის ეკლესიასა და ხატზეა მოთხრობილი. ამ მასალებიდან გამომდინარე, ეკლესიის აშენების ორი თარიღი სახელდება. ერთი - X VII საუკუნე, მეორე – XIX საუკუნე.

დღეს ყულის ეკლესია მოქმედი ეკლესიაა, რომელიც აღდგენილ იქნა ყულიშკარის მკვიდრის, თამარ ფიფიას ქველმოქმედებით. არქეოლოგიური თვალსაზრისით, სოფელი შეუსწავლელია. ამ მიკრორეგიონში სავსებით შესაძლებელია ამა თუ იმ ეპოქის საინტერესო არქეოლოგიური ძეგლის აღმოჩენა. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა სხვადასხვა დროს სოფლის ტერიტიორიაზე ხვნის დროს აღმოჩენილი უამრავი ქვევრისა და ქოთნის ნამტვრევი (კერამიკული მასალა, მშვილდისრის პირი, რომელიც საგვილიოს დასახლებაში იქნა ნაპოვნი). სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული ადგილი.

სოფელმა იწვნია კომუნისტების დროინდელი მწვავე რეპრესიები. ხალხის და კოლმეურნეობის მტრის იარლიყებით არაერთი ადამიანი გაუსახლებიათ სოფლიდან და ბევრი მათგანი უკან არ დაბრუნებულა.

მეორე მსოფლიო ომში ყულიშკარი 200–მა ახალგაზრდამ დატოვა, აქედან 120–ზე მეტი ვაჟკაცი არ დაბრუნებულა. სოფელში ფუნქციონირებს ჩაის ფაბრიკა, რომელიც ძირითადად ნედლეულს ამუშავებს, რადგან ამჟამად სოფლის ჩაის პლანტაციები გაჩანაგებულია,  სამედიცინო ამბულატორია,  საჯარო სკოლა. სოფლის ცენტრში ფუნქციონირებს კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი. 

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ლადო შველიძე 

მობ: 591 44 76 29

წარმომადგენლის ასისტენტი

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

მანუჩარ აბსავა

მობ: 599 84 41 79