ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ორულუ

სოფელი ორულუ მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 10 მეტრზე. იგი ზუგდიდიდან დაშორებულია 17კმ–ით. ორულუში 530 კომლი და 1790 ადამიანია.

ორულუს, როგორც დასახლებული პუნქტის ისტორია იწყება მე–19 საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც ჩხოროწყუს რაიონის სოფლებიდან ჩამოსახლდნენ სხვადასხვა გვარის ოჯახები, ძირითადად: წურწუმიები, მამფორიები, ესართიები.

სოფლის სახელწოდება წარმოდგება მეგრული სიტყვა ,,მარულე“–საგან, რაც შეჯიბრებას ნიშნავს. ორულუში ხშირად იმართებოდა ცხენების ჯირითი, სადაც სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული მხედრები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ორულუში გაედინება მდინარეები: ,,ჯუმი“, ,,ბუყი“, ,,დიდი ღალუ“. მოსაზღვრე სოფლებია: დიდინეძი, დარჩელი, ერგეტა და თორსა. ორულუ შავი ზღვის სანაპიროდან, სოფელი ანაკლიიდან მხოლოდ 10 კილომეტრითაა დაშორებული.

საბჭოთა პერიოდში სოფლის მოსახლეობის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა ჩაის გადამუშავება, მესაქონლეობა, თხილის, დაფნის, ხილის მოყვანა და მიწის დამუშავება. 300–მდე ადამიანი დასაქმებული იყო მეცხოველეობის ფერმებში, ქატოს ქარხანაში, პურსაცხობსა და სხვა დაწესებულებებში.

სოფელში ფუნქციონირებს ერთი საჯარო სკოლა, აღსანიშნავია, რომ სკოლა (ორწლედი) არსებობდა მე–20 საუკუნის დასაწყისიდან, ხოლო საშუალო სკოლას საფუძველი ჩაეყარა 1930 წელს. ამჟამად არსებული კაპიტალური შენობა აშენდა 1974 წელს. სოფელში ამჟამად 200 ადგილობრივი და დევნილი მოსწავლე სწავლობს, მასწავლებელთა რაოდენობა შეადგენს 28–ს.
ორულუში საბავშვო ბაღის ფუნქციონირება 80–იანი წლებიდან კერძო პირის სახლში დაიწყო, მოგვიანებით კი გადაეცა ყოფილი ფოსტის შენობა, სადაც დღემდე აგრძელებს არსებობას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. 1999 წ–ს საბავშო ბაღს რემონტი ჩაუტარდა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,OXFAM” –ის დახმარებით, ხოლო 2010 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ამავე ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა 38 (ოცდათვრამეტი) უმწეო ოჯახების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.

1976 წელს შეიქმნა ორულუს მეცხოველეობის კომპლექსი, რომელიც 600 მეწველ ფურზე იყო გათვალისწინებული, რძე ბარდებოდა ქარხნებს, შემდგომი გადამუშავების მიზნით.
სოფელში ასევე ფუნქციონირებდა ქატოს ქარხანა, რომელიც ამარაგებდა: ზუგდიდის, სენაკის, ხობის რაიონებს საქონლის კომბინირებული საკვებით. ქარხანა არსებობდა 1993 წლამდე. სოფელში 1960-1995 წლებში მუშაობდა პურის საცხობი 24 საათიან რეჟიმში. ორულუს პურით მარაგდებოდა დაბალი ზონის სოფლები.

სოფელში განვითარებული იყო მესიმინდეობა, მესაქონლეობა, მეაბრეშუმეობა. ამჟამად სოფლის მოსახლეობა თვითდასაქმებულია. ძირითადად მისდევს თხილის მოყვანას, მესაქონლეობას. ვარდების რევოლუციის შემდეგ, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაიწყო სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა სოფლის 11 სხვადასხვა უბანში ჭაბურღილების გათხრა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სოფლის წყლით მომარაგება. ასევე სოფლის ცენტრში მოეწყო მინი–სტადიონი, მოხრეშილ იქნა სოფლის შიდა გზები.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს, განხორციელდა სოფ. ორულუს განვითარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტი, კერძოდ სოფ. ორულუს ცენტრალურ–თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზასთან დამაკავშირებელი გზის და ბოგირების რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის შემდგომ განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას. 

 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ვალერ პერტია

მობ: 591 44 76 26

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ვეფხვია ჯოხაძე

მობ: 591 50 14 28