ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ნარაზენი

სოფელი ნარაზენი მდებარეობს ზუგდიდის რაიონის სამხრეთით, იგი ქალაქ ზუგდიდიდან დაშორებულია 15კმ; ხოლო თბილისიდან 336კმ-ით. სოფლის მიდამო ზეგანბორცვიანია, ზღვის დონიდან იგი 152 მეტრზე მდებარეობს, სოფელში 1302 კომლია და ცხოვრობს 3833 ადამიანი.

ნარაზენს აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფლები ჭაქვინჯი და ძველი ხიბულა, დასავლეთით აბასთუმანი და ურთა, სამხრეთით-მდინარე ჭანისწყალი და სოფ. საჯიჯაო, ჩრდილოეთით ახალსოფელი. ნარაზენს ჩამოუდის მდინარეები ჭანისწყალი, სკაია, ღელეები ოტორონჯე, უმპია, შავიღელე. ნარაზენში ნოტიო სუბტროპიკული ჰაერი ჭარბობს, შემოდგომა და გაზაფხული ზომაზე მეტად თბილია.

ორი საუკუნის წინ სოფელი ნარაზენი თითქმის უკაცრიელ, უსახელო კუნძულის მსგავს კუთხეს წარმოადგენდა. მე-18 საუკუნის 50-იან წლებში აქ დასასახლებლად მარტვილიდან ჩამოსულან თოდუები, ბიგვავები, ღურწკაიები, ახალაიები, ბეჭვაიები და შულაიები. ნარაზენის შემოგარენი აუთვისებელი მიწებით, ეკალ-ბარდებით და გაუვალი ტყით ყოფილა დაფარული. სავარაუდოა, რომ სოფლის სახელწოდება - ,,ნარაზენი“ მომდინარეობდეს სწორედ ,,ნარიანი ზენი“-დან ე.ი. ნარიანი ეკალ-ბარდებიანი მაღლობი.

შორიდან ნარაზენი პატარა მთას წააგავს, ის ახლომდებარე სოფლებთან შედარებით უფრო მაღლობზეა გაშენებული. მე-19 საუკუნისთვის ნარაზენის მოსახლეობა ას კომლს აღწევდა. სოფელი დადიანებს ეკუთვნოდა, ხალხი ისლითა და ჩალით დახურულ ქოხებში ე.წ. ფაცხებში ცხოვრობდა, მოსახლეობა ზუგდიდს საცალფეხო ბილიკით უკავშირდებოდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ნარაზენი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. 1904წ. სოფელში 220 კომლი ცხოვრობდა. აქ მოღვაწეობდა გერმანელი კაპიტალისტი ფრანც-პროცერი, რომელმაც სოფელი 1902  წ . დადიანებისგან იყიდა. პროცერმა აქ ააშენა სპირტსახდელი ქარხანა, სადაც გერმანელი სპეციალისტების და ადგილობრივი მუშახელის შრომით, ყოველწლიურად 1900 ლიტრ სპირტს ხდიდა ხილისა და სიმინდისგან. სპირტი გადაჰქონდათ სპეციალური ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზით, რომელიც სოფ. ურთას მიმართულებით იყო დაგებული. ვაგონების გამწევ ძალად იყენებდნენ ხარებს, კამეჩებსა და ცხენებს.

1921-22წწ.- სოფელში გაიხსნა პირველი შვიდწლიანი სკოლა, რომლის  ხელმძღვანელი  ლავრენტი კოდუა იყო. 1931წ.- ნარაზენში ყალიბდება პირველი სასოფლო-სამეურნეო არტელი, რომლის თავმჯდომარე იყო ყოფილი პარტიზანი, ძველი ბოლშევიკი – იაკობ თოდუა.

1931წ.- ჩამოყალიბდა ნარაზენის ჩაის საბჭოთა მეურნეობა, რომლის პირველი დირექტორი იყო ბათლომე გრიგოლაია. 21-ე საუკუნის ნარაზენი საქართველოში ერთ-ერთი ლამაზი სოფელია თავისი იერსახით, შენობა-ნაგებობებით, ბუნებით. სოფელში ცხოვრობს 1140 კომლი, 4200 ადამიანი. ნარაზენის ტერიტორიული ორგანოს დაქვემდებარებაშია სოფ. საბეჭვაიო და სოფ. შამადელა.

ზუგდიდიდან ნარაზენამდე არის მოასფალტებული გზა. სოფელში ფუნქციონირებს ორი სკოლა, ორი ბაგა-ბაღი, ,,კრივის სკოლა“ სათანადოდ აღჭურვილი დარბაზით. კულტურის სახლი 450 კაცზე, მდიდარი წიგნადი ფონდითა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა. ფუნქციონირებს საექიმო ამბულატორია, პოლიციის განყოფილება ახალ, გამჭვირვალე შენობაში. სოფელში მთელი მოსახლეობის ურთიერთანადგომითა და შემოწირულობებით მიმდინარეობს გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა. 

 

·         მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ნანა ჯანჯღავა

მობ: 591 44 76 20 

წარმომადგენლის ასისტენტი

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ენვერ ჯანელიძე 

მობ: 591 50 14 31