ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

კორცხელი

ადმინისტრაციული ერთეული: კორცხელი  ( კოცხერი) ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც მდებარეობს მის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში, ოდიშის პლატოზე,ზუგდიდ–წალენჯიხის საავტომობილო გზის მერვე კილომეტრზე, ზღვის დონიდან 200 მეტრ სიმაღლეზე.

კორცხელი ერთ–ერთი უძველესი სოფელია საქართველოში, სამეგრელოს მთავარ დავით დადიანისეული ადმინისტრაციული დაყოფის (XIX ს. 40–იანი წლები)მიხედვით ზუგდიდის მაზრებს შორის სოფელი კორცხელიცაა მოხსენიებული. 1886 წლის საკომლო აღწერის მიხედვით, ზუგდიდის მაზრის კორცხელის სასოფლო თემში შედის ორი სოფელი – ლედგებიე (64 კომლი) და ზედა ეწერი (118 კომლი). 1930 წელს გამოცემულ საქართველოს სსრ პირველი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფით, კორცხელის სასოფლო საბჭოსი, საკუთრივ კორცხელის გარდა, შედის სოფლები:ბაში, ზედა ეწერი, ლედგებიე, ლეჭითანე, ნაცატუ, საჭურღულიო, ჩხოუში, ჭკადუაში. ამ სოფლებში ცხოვრობდა 999 კომლი (4539 სული, მათგან 7 ეთნიკურად არაქართველი).კორცხელის ეტიმოლოგია მრავალი მეცნიერი შეეხო და გამოითქვა მისი წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვერსია, მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე რეალური ისაა, რომ მეგრული სიტყვა კორცხელი არის ცოცხალი ლექსიკური ერთეული და აღნიშნავს ეკალღიჭს.

სოფ. კორცხელის ერთ–ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა კარსტული მღვიმე, რომელიც მდებარეობს მდ. ჯუმის მარცხენა სანაპიროზე, ზ.დ. 150 მ–ზე. მას სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში ,,კორცხელის მღვიმე’’ ეწოდება. მისი გამჭოლი დერეფნების ჯამური სიგრძე 790 მეტრია. გარდა ამისა, გეოგრაფიულ ლიტერატურაში ცნობილია კორცხელის ტერიტორიაზე მდებარე ,,ხვაში’’–ისა’ და ,,ოკატუე’’–ს გამოქვაბულები, სადაც ნაპოვნია ქვის სამარხი.

სოფლის ცენტრში ყველაზე მაღალ გამორჩეულ ადგილას, არის აშენებული X- საუკუნის ისტორიული ძეგლი , კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, საიდანაც ბევრი სოფელი, მთები და შავი ზღვაც მოსჩანს.

კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, სამეგრელოს მთავარმა ლევან II- დადიანმა XVII– საუკუნის პირველ ნახევარში აღადგინა , შეამკო და იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა. ლევან II– დადიანის მიერ ტაძრის განახლებას ადასტურებს XVII– საუკუნის წალენჯიხის ეკლესიის ფრესკა, სადაც სამეგრელოს მთავარი ლევან II– დადიანი და დედოფალი ნესტან–დარეჯანი კორცხელის ეკლესიის მაკეტით ხელში არიან გამოსახულნი. წინათ ეკლესია სულ მოხატული ყოფილა. მხატვრობა შემორჩენილია საკურთხევლისა და ტაძრის დასავლეთის კედელზე, ბერძნული წარწერით: წმინდა გიორგი, წმინდა დიმიტრი და წმინდა თევდორე. კორცხელის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ბუნდოვნად და დაზიანებულად შემორჩენილია ლევან II–დადიანის ფრესკა. ეკლესიის წინ დგას ქვის კოშკი, რომელიც სამრეკლოს ფუნქციასაც ასრულებდა. კორცხელის (კოცხერის) ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იერუსალიმის ჯვრის მონასტერის მეტოქი (ფილიალი) ყოფილა. ოდიშის მთავარმა ლევან II –დადიანმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა სოფელ კორცხელში მოსახლე ასი კომლი ყმა–გლეხი.

ეს ფაქტი მომხდარა დაახლოებით 1640 წელს. ლევან II– დადიანის მარჯვენა ხელი ევროპასთან დაახლოებასა და ვაჭრობის განვითარების საქმეში ყოფილა ნიკოლოზ ირუბაქიძე ჩოლოყაშვილი. იგი ერთსა და იმავე დროს იყო იერუსალიმის ჯვრის მონასრტის არქიმანდრიტი და კორცხელის ეკლესიის წინამძღვარი. სწორედ მისი მცდელობის შედეგი იყო ოდიშში კათოლიკური მისიის დაფუძვნება. იტალიელ მისიონერებს არქანჯელო ლამბერტის და ჯუზეპე ჯუდიჩეს თავიანთი თანმხლები პირებიც კორცხელშიც უცხოვრიათ. როგორც მისიონერები აღნიშნავენ საშინაო ვაჭრობა ოდიშის სამთავროში მეტად დაბალ დონეზე იდგა. წელიწადში რამდენჯერმე იმართებოდა ბაზრობები საეკლესიო ცენტრებთან: ილორში, ბედიაში, კორცხელში და სხვაგან. ლევან II- დადიანის გარდაცვალების შემდეგ, კორცხელის ეკლესია 1815 წელს განუახლებია დიდ ნიკო დადიანს, რომელსაც სამეგრელოს მთავრის კარზე მსაჯულთუხუცესის თანამდებობა ეკავა. კორცხელის ეკლესიის განახლებას ტაძრის ერთ–ერთი სვეტის მინაწერიც მოწმობს. კორცხელის ეკლესიაშია დასაფლავებული ტაძრის განმაახლებელი და შემამკობელი დიდი ნიკო დადიანი.

კორცხელის ტაძრის ისტორიისათვის საინტერესო ცნობებს იძლევა სხვადასხვა დროს მოჭედილი და განახლებული ხატები, რომელთა ნაწილი ინახება დადიანების მუზეუმში. სამი ხატი კი თბილისის ხელოვნების მუზეუმში. მათგან ერთი XI-საუკუნისაა.

ათეისტურ იმპერიაში ყოფნის 70–წლიანმა პერიოდმა მიწასთან გაასწორა ეკლესია–მონასტრები და გააცარიელა ადამიანის სული. კორცხელის ტაძარი მრავალი წლის მანძილზე ხან საწყობად, ხან კი თავლად გამოიყენებოდა. ბოლო წლებში კი მხატვრების გამოფენა ეწყობოდა და ადგილობრივი ძალებით იმართებოდა კონცერტები. ეკლესია გაპარტახებული იყო , აწვიმდა, ძვირფასი ფრესკები ნადგურდებოდა. მოსახლეობამ თხოვნით მიმართა მაშინდელ რაიონის ხელმძღვანელობას.

ძეგლთა დაცვამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა შ. ქობალია გამოყო შესაბამისი თანხები და 1983– წელს ეკლესია თუნუქით გადაიხურა, გამოიცვალა იატაკი და აღდგენილ იქნა გალავანი.1990 წელს ქვეყანა მრავალპარტიული არჩევნებისათვის ემზადებოდა , კოლმეურნეობები ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი. კოლმეურნეობის თანხებით , შემოწირულობებით და ადგილობრივი ძალებით ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები გაიწმინდა, ეკლესია გარემონტდა, გამოიცვალა კარ– ფანჯრები, ჩარჩოები, რემონტი გაუკეთდა ეკლესიის წინ მდებარე ქვის კოშკს. გაკეთდა ხის დარაბებით საკურთხეველი. თბილისიდან ჩამოტანილ იქნა შანდლები, ჯვრები, ხატეები და ეკლესიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა საეკლესიო ნივთები.

1990 წლის 7– ოქტომბერს დიდი ზარ–ზეიმით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II–ის ლოცვა კურთხევით, გიორგი ჭყონდიდელმა გახსნა კორცხელის ყოვლდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ლოცვა–კურთხევის შემდეგ ეკლესიის ეზოში გაიმარტთა დიდი ტრაპეზი.

ზეიმს სოფლის მრავალრიცხოვან მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სტუმრები: გიორგი ჭყონდიდელი, მამა მიქაილ ასათიანი, მამა ამირან შენგელია, მამა ფრიდონ ასათიანი, მამა რომანოზ ჩიქობავა და სხვა მრავალი სასულიერო და საერო პირები. ტაძრის პირველ წინამძღვრად გიორგი ჭყონდიდელმა აკურთხა მამა რომანოზ ჩიქობავა.

ეკლესიის გვერდით, დანგრეული საავადმყოფოს გვერდით იდგა ხის შენობა, სადაც ფუნქციონირებდა სოფლის პოლიკლინიკა. მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ ა. ლაგვილავამ ხალხის მოთხოვნით და ზემდგომი ორგანოების თანხმობით ეს შენობა ნაგებობები გადასცა ზუგდიდ– ცაიშის ეპარქიას

.
1995 წლის დეკემბრის თვეში ცხუმ –აფახაზეთის მეუფე დანიელის ლოცვა– კურთხევით ეკლესიის გვერდით მდებარე შენობაში გაიხსნა მამათა მონასტერი. აღიმართა ხის დიდი ჯვარი . მეუფე დანიელმა ჩაატარა ნათლობა. წირვა–ლოცვის დამთავრების შემდეგ გაიმართა დიდი ტრაპეზი. მამათა მონასტერში მოღვაწეობდნენ და დაუღალავად შრომობდნენ ბერები: მამა ბარსანოფი, მამა ანდრია, მამა ლაზარე და აწ განსვენებული იღუმენი ელისე. წირვა– ლოცვის ჩასატარებლად შაბათ– კვირას მამა ანდრია კემულარია ჩამოდიოდა. 1996 წლის ნოემბრის თვეში მამა ელისე, მეუფე დანიელის ლოცვა–კურთხევით მღვდლად აკურთხეს.

 მრევლის რაოდენობა თანდათანობით იზრდებოდა. 1999 წელს გაიხსნა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი . დედების მუხლჩაუხრელმა შრომამ ნამდვილ წალკოტად აქცია ერთ დროს საავადმყოფოს ნანგრევებით და ბარდ– ეკლებით დაფარული ადგილი.

დედები ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ გაჭირვებულ ადამიანებს. კორცხელშივეა ზუგდიდ– ცაიშის მიტროპოლი ყოვლად უსამღვდელოესი მეუფე გერასიმეს რეზიდენცია. მის სახელთანაა დაკავშირებული კორცხელის ტაძრის აღორძინება და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა ტაძრის მშენებლობა.

2008 წლიდან კი კორცხელის მონასტრის წინამძღვარია მღვდელი პეტრე ხუბუა. მრევლის რაოდენობა თანდათანობით მატულობს და სოფელი უბრუნდება სულიერ ცხოვრებას.
სოფელში დაწყებითი და ერთი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სწავლობს 222 მოსწავლე და ემსახურება 27 პედაგოგი.

ფუნქციონირებს 3 საბავშვო ბაღი, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითა და მხარდაჭერით სოფელში გაკეთდა 4 სასმელი წყლის ჭაბურღილი, რომელიც მოქმედებაშია. მდინარე ჩხოუშიაზე გაკეთდა ერთი სამანქანო და 2 საცალფეხო ხიდი, მოიხრეშა სოფლის შიდა გზები. ცენტრში გარემონტდა გარე განათება, გადაიხურა კორცხელის საჯარო სკოლა, სადაც კომპიუტერული კაბინეტი ფუნქციონირებს. კორცხელს ამბულატორია ემსახურება, რომელიც პროფესიონალი ექიმებითაა დაკომპლექტებული.
ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით ეკლესიასთან აშენდა დამცავი ჯებირი. 

მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით

  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით.
  •  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია, აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

მერაბ თორდია

მობ: 591 44 76 19

წარმომადგენლის ასისტენტი

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ირაკლი რაფავა

მობ: 591 50 14 26