ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

დევნილი ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

26 დეკემბერი, 2019

ფოტოალბომი facebook 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ზუგდიდში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის გაიმართა. ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადასცეს.

,,ჩვენს აფხაზებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მალე ერთად ვიქნებით და ერთად გავაგრძელებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას. ჩვენ გვერდში ვუდგავართ როგორც ადგილობრივებს, ასევე ჩვენს აფხაზეთელებს და აფხაზეთის მთავრობასთან ერთად ბევრ პროექტს ვახორციელებთ მათთვის“ -აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ.

ღონისძიებაზე აჭარის ერთ-ერთი სოფლის ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი ,,სოხუმში აგავა აყვავდება“ წარმოადგინეს, რომელიც აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. ნომრები წარმოდგენილი იყო ქართულ და აფხაზურ ენებზე.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ესწრებოდნენ.

გააზიარე