ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ჭკადუაში

ადმინისტრაციული ერთეული: ჭკადუაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ცნობილი სოფელია. იგი მდებარეობს ზუგდიდიდან 17 კილომეტრის დაშორებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით. რაიონული ცენტრიდან სოფელთან დაკავშირება შეიძლება ორი საავტომობილო მაგისტრალით: ზუგდიდი-ჯვარი და ზუგდიდი–წალენჯიხა.  სიმაღლე ზღვის დონიდან 300-320 მეტრია. სოფლის რელიეფი ზოგან ბორცვიანია. ჭკადუაშში მოედინება მდინარე ჩხოუში. ისტორიულ წყაროებში ჭკადუაში დასახელებულ ადგილად XVIII საუკუნის I ნახევრიდან ჩანს. ჭკადუაშის ბუნებრივი ლანდშაფტი ხელს უწყობდა მიწათმოქმედების, მევენახეობისა და მესაქონლეობის განვითარებას. აგრეთვე სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე  იყო მეჩაიეობა. ბოლო წლებში სოფლის მოსახლეობის შემოსვლის ძირითად წყაროს წარმოადგენს თხილისა და კივის მოსავალი, აგრეთვე სოფელში განვითარებულია მესიმინდეობა, მეცხოველეობა და მეფუტკრეობა.

საქართველოს ისტორიაში ჭკადუაში ცნობილია სამეგრელოს სამთავროს დადიან-ბატონიშვილთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობით და მიურატთა დინასტიის დასახლებით, რაც ქართულ-ევროპული ცივილიზაციის დაახლოების საწინდარი გახდა.

ჭკადუაშთან მჭიდროდაა დაკავშირებული არაერთი გამოჩენილი მოღვაწის სახელი: გიორგი ოტიას ძე დადიანი - სამეგრელოს სამთავროს სარდალი: ნიკოლოზ ( დიდი ნიკო) გიორგის ძე დადიანი - ოდიშის სარდალი და მსაჯულთუხუცესი, დიდი ნიკოს ძენი ” სამ მუშკეტერად” წოდებული გიორგი, ბესარიონ და პეტრე დადიანები, რომლებიც მნიშნელოვან როლს ასრულებდნენ სამეგრელოს სამთავროს ცხოვრებაში. ჭკადუაშელ ბატონიშვილთა უკანასკნელი შტო - კონსტანტინე დადიანი და მისი შთამომავლები მუშნი და ოთარ დადიანები.

 XIX საუკუნის 80-იან წლებში საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის დის კაროლინას შვილიშვილის პრინც აშილ მიურატის დასახლებამ ჭკადუაშში საფუძველი ჩაუყარა ქართულ-ფრანგული ურთიერთობის კერას.
 

ჭკადუაშში, როგორც საქართველოს ბევრ სხვა კუთხეში შემორჩენილია ეკლესიების ნაშთები, ჯგიმარიონი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია და წმინდა კირილე და ივლიტას სახელობის ეკლესია.

სოფელი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. ჭკადუაშელები ყოველთვის მონაწილეობნენ ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განახლება-განვითარებაში, გმირულად იბრძოდნენ შემოსეული მტრებისა თუ სამშობლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. არც დღევანდელი ჭკადუაში უჩივის გამოჩენილ ადამიანთა ნაკლებობას, რომელთაც მნიშნელოვანი როლი შეასრულეს როგორც სოფლის, ასევე ქვეყნის განვითარების საქმეში.

სოფელ ჭკადუაშში 599 კომლია და ცხოვრობს 1949 ადამიანი. სოფელში ფუნქციონირებს 1 საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და სამი ეკლესია. 

 

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ზურაბ ჯინჯოლავა

მობ: 591 44 76 44

წარმომადგენლის ასისტენტი

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

დათუნა ანთია

მობ: 599 85-24-98