ცხელი ხაზი : (0 415) 25 01 20

ანაკლიაში ტურიზმის განვითარების რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა

10 ოქტომბერი, 2018

 

ანაკლიაში, სასტუმრო „ოქროს საწმისში“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის განვითარების რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა სიმპოზიუმი USAID Zrda-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან, USAID საქართველოს წარმომადგენელ დავით წიკლაურთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ თორნიკე ზირაქიშვილთან ერთად გახსნა. სიმპოზიუმის მიზანია განსაზღვროს რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები და დაადგინოს პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, როგორც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ რეგიონს. სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის სიმპოზიუმი რეგიონის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი ინიციატივაა, რომელიც წლის ბოლომდე ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციად (DMO) ჩამოყალიბდება. USAID Zrda-მ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, დააარსა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც სამეგრელოს ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა. მოდელი ყურადღებას ამახვილებს აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კუტურულ ტურიზმზე და პროცესში მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე. შეხვედრას ანაკლიაში სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილე ნინო ვიბლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე